სვლაsvla

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“

თავი II. საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მუხლი 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია:

ა) საავტომობილო, მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება;

ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება;

გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა;

დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება;

ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი.

მუხლი 7. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებია:

ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;

გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის შექმნა;

დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ამ სფეროში საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სპეციალურ ან სხვა სახის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის საფუძველი, აღნიშნული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად ამგვარი მომსახურების შერჩევისა და გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5. საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

6. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესებს ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო.

საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4789 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 8. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ორგანიზება

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვა. ეს მაჩვენებლებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და ამ შემთხვევების დროს დაშავებულ პირთა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა და მძღოლთა რაოდენობა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვი, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლები.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის პოლიტიკა და მისი განხორციელება ეფუძნება სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემას.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის წარმოების, სააღრიცხვო ცნობებით სარგებლობისა და საანგარიშო მონაცემების შექმნის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 9. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და ამ შემთხვევებით გამოწვეული ზიანის შემცირებას.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივ პროგრამებს ამტკიცებენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები.

4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს

1. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.

2. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისთვის პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.

მუხლი 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი).

2. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.

3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

4. ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

5. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.

7. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დადასტურებისა და მისი მართლზომიერებისათვის მთლიანად პასუხისმგებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინსპექტირების ცენტრი.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე მართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის შეფასება, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით.

10. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საქართველოს საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვით, ბრძანებით ამტკიცებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესს.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4334 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 11¹. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება

1. „M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას, რაც გულისხმობს გზისპირა ზონაში ამ სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას; კერძოდ, მოწმდება შემდეგი საკითხები:

ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა;

ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება;

გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;

დ) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;

ე) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;

ვ) საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა;

ზ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

2. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევები სიმძიმის მიხედვით პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხისა და მე-3 ხარისხის დარღვევებად იყოფა. ამ დარღვევების ამგვარი, ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4336 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 12. სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის აკრძალვა

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სატრანსპორტო საშუალებათა უწესივრობების არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;

ბ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით.

გ) იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი;

დ) მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნუსხა დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4011 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

მუხლი 13. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა

1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:

ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 14. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა

1. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტებითა და სქემებით.

2. გზის გამტარუნარიანობის გაზრდის ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე დაუშვებელია.

მუხლი 15. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები გზის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის დროს

1. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზა საექსპლუატაციოდ მიიღება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხისთვის პასუხისმგებელია დამკვეთი.

4. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღების შემდეგ მისი ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრე.

მუხლი 16. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს.

2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.

3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება:

ა) გზის საფრის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება;

ბ) გარემოს საწვავ-საპოხი მასალით დაბინძურება;

გ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.

4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 16¹. დამატებითი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მოძრაობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

1. სატრანსპორტო საშუალების საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) მოძრაობისას მისი ყველა თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები, აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი და ის ადგილი/გზის მონაკვეთი, სადაც ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) სატრანსპორტო საშუალების ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მოძრაობა დაუშვებელია, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4011 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა:

ა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება;

ბ) გზის, საგზაო ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის პროექტების შემუშავება;

გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს ხილვადობა ან/და გააძნელოს მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა;

დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა);

დ¹) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანა;

ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება;

ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა;

ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;

თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;

ი) გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2264 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6292 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

1. საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;

ბ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, არ დაუშვას გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;

გ) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე არ დაუშვას გზაზე მისი კუთვნილი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

დ) ექსპლუატაციაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად დაამაგროს საცნობი ნიშნები;

ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და ტექნიკური მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირს ეკრძალება:

ა) ექსპლუატაციაში გაუშვას ტექნიკურად გაუმართავი ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დადგენილი წესების დარღვევითაა გადაკეთებული ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ან/და რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა);

ბ) სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაუშვას ის პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია ან/და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მართვისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, აგრეთვე ის პირი, რომელსაც არ აქვს მოცემული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გ) ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე მოძრაობისათვის გაუშვას მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

3. გზის, რკინიგზის გადასასვლელისა და სხვა საგზაო ნაგებობის მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) გზა, რკინიგზის გადასასვლელი და სხვა საგზაო ნაგებობა შეინახოს მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში;

ბ) მიიღოს ზომები მოძრაობისათვის შექმნილი დაბრკოლების დროულად აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აკრძალვისათვის ან შეზღუდვისათვის, თუ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას.

4. გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) გზაზე სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება. ეს ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო-სამშენებლო მანქანები, სამშენებლო მასალა, კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის სავალი ნაწილის მიღმა, აღჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი სასიგნალო სინათლეებით;

ბ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს გზაზე სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი პირები არ დაუშვას დიდ მანძილზე შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმლის გარეშე;

გ) სამუშაოების დამთავრებისას გზაზე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის უსაფრთხო მოძრაობა.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

1. მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები:

ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-მდე დაშორებული სამი ნარინჯისფერი მაშუქი – მაგრდება ავტომატარებელსა და შესახსრებულ ავტობუსზე;

ბ) „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები;

გ) „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს);

დ) „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“ – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით − მაგრდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ამ კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების წინა და უკანა მხარეს;

ე) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად;

ვ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – მაგრდება იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს;

ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრის ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი;

თ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება სასწავლო სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს. აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება;

ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია.

2. მძღოლის სურვილისამებრ, სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დამაგრდეს შემდეგი საცნობი ნიშნები:

ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირი (პირები) გადაჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი და განსაზღვრული ჰყავს ამ ნიშნის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები;

ბ) „ექიმი“ − ლურჯი კვადრატი 140-მმ-იანი გვერდით, შიგ ჩახაზული 125 მმ დიამეტრის თეთრი წრით, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვარი (სიმაღლე − 90 მმ, შტრიხის სიგანე − 25 მმ) − შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს;

გ) „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ − საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175 მX0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლეა არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არანაკლებ 0,01 მ სიგანის შტრიხებით. ასოები დატანილია შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისაგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს, რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები გამოსახულია ამ კანონის დანართ №3-ში.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3071 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7062 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

გვერდზე წარმოდგენილია კანონის მოქმედი ვერსია წყაროდან matsne.gov.ge